საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი(G-PriEd)
ტრენინგპროგრამის შესახებ
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებით დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კითხვისა და მათემატიკის უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას მთელი კარიერის მანძილზე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, G-PriEd-ი უზრუნველყოფს დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მომზადებას მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების დანერგვის მიზნით. კერძოდ, G-PriEd-ი მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ ტრენინგპროგრამაში და, ამასთანავე, ჩაერთონ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. ასევე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სტრატეგიების ეფექტურად დანერგვის მიზნით, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას.
ქვემოთ წარმოდგენილია კითხვის სწავლების ტრენინგპროგრამის ძირითადი კომპონენტები და მახასიათებლები.
ტრენინგპროგრამა მიზნად ისახავს კითხვის სწავლება-სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების დანერგვას საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის წარმატებულად განხორციელების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა მიღწევები როგორც ქართულ, ისე არაქართულენოვან სკოლებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, კითხვასა და სხვადასხვა საგანში.
Комментариев нет:
Отправить комментарий